როგორ ზემოქმედებს მუსიკის მოსმენა თქვენს ტვინზე

როგორც ადრე ამბობდნენ, მუსიკა გონების წამალია. ნევროლოგიაში არსებულმა მიღწევებმა დაასაბუთეს ეს მტკიცებულება.   მუსიკის მოსმენის დროს ჩატარებულმა გამოკვლევებმა თავის ტვინში  არსებული პროცესების დემონსტრირება მოახდინეს.

მუსიკის მოსმენას შეუძლია შეამციროს შფოთვა, დეპრესია, არტერიული წნევა, ტკივილი, ასევე გააუმჯობესოს ძილის ხარისხი, მეხსიერება, ზოგიერთი კოგნიტური ფუნქცია, გააუმჯობესოს გუნება-განწყობილება, ხელი შეუწყოს დასწავლას და კონცენტრაციას, თავიდან აიცილოს თავის ტვინის დაბერების შედეგები. მუსიკას, ნოტებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, სტრუქტურული, მათემატიკური, არქიტექტურული საფუძველი გააჩნია, რასაც მთელი თავის ტვინი სტიმულაციაში მოჰყავს.

მუსიკის მოსმენისას ადამიანის ორგანიზმში უბრალო აუდიო გადამუშავებაზე მეტი რამ ხდება. უახლესმა გამოკვლევებმა გვიჩვენეს, რომ მუსიკას აქტიურობაში მოჰყავს თავის ტვინის აუდიო, მოტორული, ლიმბური უბნები განურჩევლად იმისა, ადამიანი უსმენს ვივალდის თუ ბითლზების ნაწარმოებებს. გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ მოტორული უბნები ამუშავებენ რითმს, აუდიო-ბგერას, ლიმბური დაბოლოებები კი ემოციებთან არიან კავშირში.

მუსიკა ამცირებს სტრესსა და დეპრესიას

ოთხასი გამოკვლევის მეტა – ანალიზმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მუსიკის მოსმენა ამცირებს სტრესის ჰორმონს, კორტისოლს. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, ქირურგიული ოპერაციისთვის, პაციენტების ერთ ჯგუფს, საოპერაციოში შესვლამდე, მოსამზადებლად ასმენინებდნენ მუსიკას, ხოლო მეორეს – უკეთებდნენ ნარკოტიკებს. პირველი ჯგუფის პაციენტებში, მეორე ჯგუფის პაციენტებთან შედარებით, მუსიკის მოსმენამ, გამოიწვია შფოთვის შემცირება. ასევე,  დაბალი მაჩვენებლით გამოავლინა კორტისოლი. ანალიზმა გვიჩვენა, რომ მუსიკას დადებითი გავლენა აქვს თავის ტვინში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად მოქმედებს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე:

  • ხასიათის გაუმჯობესებაზე.
  • სტრესის შემცირებაზე.
  • იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
  • სოციალური კავშირების გამყარებაზე.

მუსიკის მოსმენას მოქმედებაში მოჰყავს ტვინის ის უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სიამოვნების მიღებაზე, ნეიროქიმიური დოფამინის გამომუშავებაზე. დიდი ოდენობით დოფამინი აუმჯობესებს კონცენტრაციას, გუნება-განწყობილებას, აძლიერებს მეხსიერებას, მოტივაციურ სისტემებსა და დასწავლის უნარს.

მეცნიერული გამოკვლევების თანახმად, მუსიკას დახმარების გაწევა შეუძლია დეპრესიის შესამსუბუქებლად. მუსიკის მოსმენის წყალობით ადამიანი უფრო ოპტიმისტურად გრძნობს თავს, მარტივად აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას, ხელმეორედ ახდენს ტრავმის შემდეგ საკუთარი თავის მობილიზებას. სხვა ადამიანებთან ერთად მუსიკის მოსმენა კი, უფრო აძლიერებს ურთიერთობებს, ერთმანეთისადმი ნდობას.

ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, მუსიკა ამცირებს ქრონიკული ტკივილის განცდას 21%-ით და დეპრესიას – 25%-ით.

როგორ აძლიერებს მუსიკა შემეცნებას

მუსიკის ზეგავლენით ტვინის ფუნქციონირება მატულობს და ადამიანს რეალურად უფრო გამჭრიახს ხდის. დადასტურებულია, რომ მუსიკა აძლიერებს წერა-კითხვის, მსჯელობისა და მეთემატიკურ უნარებს.

გამოკვლევებით, რომლებიც  პროფესიონალ მუსიკოსებზე ჩატარდა,  დადგინდა თავის ტვინის შესამჩნევი სიმეტრია. თავის ტვინის უდიდესი ნაწილი პასუხისმგებლობას იღებს მოტორულ კონტროლზე, აუდიო დამუშავებასა და სივრცით კოორდინაციაზე, კორძიანი სხეულის განვითარებაზე. კორძიანი სხეული კომისურალური ნერვული ბოჭკოების ბრტყელი კონაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მარცხენა და მარჯვენა ცერებრალურ ნახევარსფეროებს და მათ შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის, რაც კი ადამიანს შეუძლია გააკეთოს საკუთარი გონებისათვის ნებისმიერ ასაკში. ერთ-ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდობაში მუსიკაზე სიარულის ოთხწლიანი გამოცდილება აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, რაც დადასტურდა 40 წლის შემდეგ ჩატარებული ტესტების შედეგებით.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იყოთ მუსიკოსი, მუსიკის მოსმენასა და მისგან სიამოვნების მიღებას ასევე აქვს პოზიტიური ეფექტი.

მუსიკის მოსმენას პოზიტიური ზეგავლენა აქვს მეხსიერებაზე, მისი გაუმჯობესების, ინფორმაციის დამუშავების თვალსაზრისით. ასევე, ის ზრდის შრომის ნაყოფიერებას, შემეცნებით უნარებსა და კრეატიულობას.

მუსიკა აძლიერებს მეხსიერებას

თავის ტვინი მუსიკას ხანგრძლივ მეხსიერებასთან აკავშირებს. ტვინის სპეციფიკური რეგიონები დაკავშირებულია ავტობიოგრაფიულ და ეპიზოდურ მეხსიერებასთან.  ნაცნობი მუსიკა ემოციების გამოწვევას უწყობს ხელს. მუსიკის მოსმენა საგრძნობლად აუმჯობესებს მუშა მეხსიერებას ასაკოვან ადამიანებში.

გამოკვლევებმა აჩვენეს მეხსიერების მაჩვენებლების გაუმჯობესება ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებში, კლასიკური მუსიკის მოსმენის შემდეგ.

მეცნიერებამ დაადასტურა, რომ მუსიკა ახალგაზრდებში ინფორმაციის შენარჩუნებისა და დასწავლის უნარის გაუმჯობესებას ახდენს.

გააძლიერე შენი ტვინი მუსიკით

გამოკვლევების თანახმად, მუსიკალური თერაპია აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას როგორც აუტიზმის, ADHD-ს, განვითარებისა და დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებში, ასევე იმ ადამიანებში, რომლებიც განიცდიან ემოციონალურ ტრავმას, არიან ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულნი, აქვთ თავის ტვინის ტრავმა, ფიზიკური უუნარობა, პარკინსონის დაავადება, განიცდიან მწვავე და ქრონიკულ ტკივილს, დეპრესიას და სხვ.

მეცნიერებმა ჩაიწერეს და გამოავლინეს გაზომვადი ცვლილებები თავის ტვინზე მუსიკალური თერაპიის ჩატარების შედეგად. მუსიკალური თერაპია გამოიყენება, როგორც რეაბილიტაციის ინსტრუმენტი თავის ქალაზე სერიოზული ტრავმების მქონე პაციენტებში. მუსიკის მოსმენა აუმჯობესებს აღქმის, სენსორული ინფორმაციის დამუშავებისა და მასზე რეაგირების პროცესს. მუსიკის მოსმენა ეხმარება ადამიანს იმაში, რომ მან უკეთ იფიქროს, წეროს, მოემზადოს გამოცდებისთვის, გახდეს შრომისუნარიანი, შეისწავლოს უცხოური ენები. ასევე, მშვიდად დაისვენოს და დაიძინოს.

წყარო: https://thebestbrainpossible.com/how-listening-to-music-benefits-your-brain/

2020-02-13T12:37:03+00:00